მოსალოდნელია ყავის დაქცევა

– გამარჯობა, შეიძლება რჩევა გკითხოთ?

– გაგიმარჯოს, რასთან დაკავშირებით?

– ბიჭი რომ დედას ყავას უმზადებს ნორმალური პროცესია?

– კი

– სისტემატიურადაც?

– რატომაც არა.

– აუცილებელია? თუ ბიჭის სურვილზეა დამოკიდებული?

– ზოგადად ყველა ინდივიდის ქმედება მათსავე სურვილებზეა დამოკიდებული.

– მე სისტემატიურად არ მინდა ხოლმე, მას კი.

– ინტერესთა კონფლიქტი გქონიათ ოჯახში.

– უბრალოდ საკმაოდ მკაცრია.

– ჰოო, ვერაფრით დაგეხმარები. – იღიმის.

– უბრალოდ საუბარი მინდოდა. – ცოტა მოიწყინა.

– მაშ, გეტყვი, რომ გაქვს სამი ვარიანტი: დარჩენა და შეგუება, წასვლა, ქცევის შეცვლა.

-დაკაკუნება შესვლამდე აუცილებელია? – თემა შეცვალა.

-რა თქმა უნდა, პირადი სივრცეების დაცვა აუცილებელია.

-უბრალოდ, სანამ მეტყვის შემოდიო, ვდგავრ კარებთან ყავით ხელში.

-კარგად გაირითმა. – კვლავ თემის შეცვლა.

-მერე  ყავა მექცევა და შენიშვნას ვიღებ.

-შენიშვნებს თუ იზიარებ და სწავლობ რამეს?

-გააჩნია შენიშვნის ტონს.

-მკაცრი თუ არის რამე იცვლება?

-კი, იცვლება!

-მაინც რა?

-თუ მკაცრად მითხრა, ვიცი, რომ მეორედ აღარ უნდა გავამეორებინო.

-და თუ ისე მოხდა, რომ ხელი კვლავ აგიკანკალდა, ყავა დაგექცა, მერე რას იზამ?

-მერე მეუბნევა, რომ უნდა მოვწმინდო. რასაც ვერ ვიტან.

-ასეა ცხოვრება, ჩვენს დასვრილს ჩვენვე ვწმენდთ. რისი იმედი გაქვს, ხელი რომ გიკანკალებს?

-ვერ მივხვდი კითხვას. მოწმენდას გააჩნია როგორ მოიწმინდება?

-ხელი თუ გიკანკალებს, რაღაცა ისე არ წავა, როგორც საჭიროა, მოსალოდნელია ყავის დაქცევაც. არსებითად კი არაფერი იცვლება, მოსაწმენდი უნდა მოიწმინდოს.

-მერე ფეხით არ ქნაო, უფრო აიზილებაო. – ეუბნევა დედა.

-ფეხით ვინ წმენდს დაქცეულ ყავას?

-არც იატაკის ჯოხითო. – უმეორებს დედა.

-აბა?

-ხელით, რა თქმა უნდა.

-ჰოდა, აიღე ტილო, დადექი მუხლებზე და მოწმინდე დაქცეული ყავა შენივე ხელით. იქნებ ამის შემდეგ, ხელის კუნთებს ჩამოუყალიბდეთ ჩვევა – რასაც არ უნდა  აკეთებდე, მხოლოდ ხელის აუკანკალებლად.

-კი, ზუსტად ეგრე უნდა და ვერ ვხვდები, რა აუცილებელია მუხლებზე დგომა.

-აუცილებელი არ არის, საჭიროა.

-ვუთხარი, რომ არ მინდაო. – თემას კვლავ ცვლის.

-რა გიპასუხა?

-ვინმემ გკითხა, რა გსურს ან რა არაო.

-და რომ გკითხონ რა გსურს, რას უპასუხებდი?

-ხანდახან შევძლო და შევეპასუხო, უარი ვუთხრა და ამისთვის არ დამსაჯოს.

 -გსურს შეეპასუხო, უარი უთხრა, უარყო. ყველა ქმედებას შესაბამისი შედეგები მოსდევს.

-ვიცი, დასჯაა შედეგი.

-ამ შემთხვევაში, კი.

-ამის შემდეგ ბოდიშებს ვიხდი.

-რისთვის?

-შეპასუხების გამო, სასჯელის მიღების შემდეგ.

-ბოდიშებს იხდი იმის გამო, რაც გსურს?

-მასე გამოდის.

-რა საჭიროა ისეთი ქმედება, რაც სასჯელს ვერ აგაცილებს.

-ნუ არ ველოდი ასეთ სასჯელს.

-მოლოდინები ადამიანის სასტიკი მტერია. რა იყო სასჯელი?

-ქამრით ცემა.

-ქამარი თუ მისგან მოყენებული ტკივილი?

-ტკივილი ქამრის რტყმის შემდეგ.

-ქამარი საშუალებაა, მიზანი ტკივილია.

-ტკივილს, მოყვა ხვეწნა და ბოდიშები.

-ტკივილი, ხვეწნა და ბოდიშები, სადაა ლოგიკა.

-ქამარით ცემა სწორია ანუ?

-ვისთვის?

-ჩემთვის, მისთვის.

-შენთვის სწორია ქამრით ცემა?

-თუ მთავარი შედეგია? სხვაგან მიდის საუბარი.

-მთავარი ისაა, რასაც თქვენ ჩათვლით მთავრად.

-და არა დედა?

-თუ თქვენ თვლით, რომ მთავარი დედა, ესეიგი, ასეცაა.

-ფაქტია ვერ ვეწინააღრმდეგები.

-ვერ თუ არ?

-ალბათ უფრო ვერ. აი, დათვლა არ მინდოდა, მითუმეტეს ხმამაღლა, მაგრამ დავითვალე.

-„ვერ“ – რას ნიშნავს? შეზღუდულქმედუნარიანი ხართ? და ვინ არის დამნაშავე იმაში, რასაც ვაკეთებთ?! ის ვინც ამას ითხოვს? თუ ჩვენვე, როცა უსიტყვოდ ვემორჩილებით მოთხოვნებს.

-უნდა დამეთვალა?

-უნდა დაგეთვალათ?

-ხვდებით რა დავთვალე?

-რა დათვალეთ?

-ქამრის დარტყმები.

-და რა შეცვალა დათვლამ?

-მას ასე უნდოდა, უნდოდა ხმამაღლა დამეთვალა ყველა დარტყმა.

-მოდით შევაჯამებ: თქვენ ყოვეელდილით მიგაქვთ ყავა დედასთან, ოთახში. თქვენ მუხლებზე დამდგარი წმენდთ დაქცეულ ყავას, მაშინ როცა ეს საერთოდ არ გინდათ აკეთოთ. თქვენ იღებთ სასჯელს, ქამრის დარტყმების სახით, როცა თქვენ ეს არ დაგიმსახურებიათ. თქვენ იხდით ბოდიშებს, მაშინ როცა სასჯელი უკვე მიღებული გაქვთ. თქვენ ითვლით დარტყმებს – თანაც ხმამაღლა, მაშინ, როცა საერთოდ არ გსურთ ასე მოიქცეთ. და რა გსურთ?

-მონა ვარ ანუ?

-მონა ხართ?

-კი.

-რა არის მონობა?

-მორჩილება.

-მორჩილება არ არის მონობა, ეს არის გადარჩენის ინსტიქტით ნაკარნახევი გზა.

-ერთხელ ფეხზე დაესხა. (დაიღალა რთული წინადადებებით).

-რომელ ფეხზე?

-მარჯვენა ფეხს მოხვდა წვეთები.

-შემთხვევით?

-კი. შეგნებულად ნამდვილად არა.

-მარჯვენა ფეხზე მოხვედრილი ყავის წვეთები ბრალდებულნი არიან იმაში, რომ შემთხვევით და არა შეგნებულად, ვაზუსტებ შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ, შეეხნენ ფეხს, რომელიც დედას ეკუთნოდა. და რა იქნებოდა ამის სასჯელი, თუ ბრალდება დამტკიცდებოდა?

-სასჯელი მაინც მივიღე. ავწმინდე ფეხიდანაც.

-სასჯელი დგება მაშინ, როცა ბრალდება მტკიცდება.

-შემთხვევითობა შემამსუბუქებელი გარემოება არ აღმოჩნდა? ეს ხომ განგებ არ გიქნით?

-სასჯელს გეტყვით და თქვენ თქვით, იყო თუ არა.

-ისევ რამე აწმინდეთ?

-დიახ

-ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მონა არ ხართ! თქვენ დამლაგებელი ხართ, ასე მგონია. ამდენი წმენდა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

ავტორი: თამარ ჩადუნელი

Leave a comment