ითაკისაკენ მიმავალ გზას რომ დაადგები, ისურვე, დიდი გაშორებდეს მისგან მანძილი – უამრავი განსაცდელით, ცოდნით აღსავსე. ლესტრიგონებსა და კიკლოპებს. ანდა ველურ პოსეიდონს არ შეუშინდე, ამ გზაზე მათ შენ ვერ შეხვდები, მანამ სანამ მაღალი ზრახვა გამოძრავებს,
სანამ რჩეული მღელვარება შენს სულსა და სხეულში სახლობს. ვერც ლესტრიგონებს, ვერც კიკლოპებს
და ვერც ველურ პოსეიდონს გზად ვერ შეხვდები,
თუკი თავად არ დაატარებ მათ შენი სულით
და თუკი იგი არ მოგივლენს მათ მეგზურებად.
ისურვებდე, რომ გრძელი იყოს გზა გასავლელი, ზაფხულის ბევრი დილა გერგოს,
აუწონელი სიამითა და სიხარულით რომ აგავსებს და პირველხილულ ნავსადგურებს რომ მოგატარებს. გვერდს ნუ აუვლი ფინიკიელ ვაჭართა დახლებს, მათგან ათასგვარ ძვირფას ქვას და ნივთებს შეიძენ: სადაფებსა თუ მარჯნებს,
ქარვას თუ აბანოზის ფასდაუდებელ მერქანსა და ყოველი სახის მათრობელა, საამო სურნელს. რაც უფრო მეტი სურნელება, მით უკეთესი! წახვალ ეგვიპტურ ქალაქებში –
დაე, სწავლობდე და სწავლობდე მეცნიერთაგან!
მაგრამ ვერასდროს განიშორო, მუდამ შენში იყოს ითაკა. იქ მიღწევა ნიშნავს გზის ბოლოს.
თუმც ნუ იჩქარებ, მოგზაურობის დასასრულზე ჯერ არ იფიქრო, რაც უფრო შორი იქნება იგი, მით უფრო მეტად გიხაროდეს. სჯობს კუნძულს გვიან მიეახლო, იქ მოხუცმა ჩაუშვა ღუზა, მოხუცმა და მდიდარმა იმით, რაც კი ამ გზაზე მოიპოვე და არ ელოდო – რამე განძი მოგცეს ითაკამ.
ითაკამ მოგცა საოცარი მოგზაურობა.
მის გარეშე ხომ გზას არასდროს დაადგებოდი,
მაგრამ ახლა მას აღარაფერი გააჩნია.
და თუ ღატაკი ჰპოვო იგი, არ გეგონოს,
თითქოს დაგცინა.
რადგან ის ბრძენი, შენ რომ იქეც – უამრავი გამოცდილებით, უკვე თავადაც მიხვდებოდი, ითაკები რასაც ნიშნავენ.
ავტორი: კონსტანტინოს კავაფისი
მთარგმნელი: თათია მთვარელიძე
Leave a comment