ათასწლეულების წინ, პირველმა ადამიანმა ცეცხლის დანთება რომ ისწავლა, ალბათ დემონების მსახურად თუ შერაცხეს და მისსავე აგიზგიზებულ კოცონში შეაგდეს თანამოძმეებმა… ოღონდ შემდეგ უკვე სათავისოდ დაიწყეს ცეცხლის გამოყენება – გასათბობად, საკვების მოსამზადებლად, გამოქვაბულის გასანათებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, ისევ მათივე ხელით დასჯილმა, ყველასთვის მოიტანა სითბო და სინათლე, მისი სახელი კი სრულ დავიწყებას მიეცა. საუკუნეების შემდგომ ვიღაცამ ბორბალი გამოიგონა; ეჭვი არაა, რჯულის უარმყოფლად გამოაცხადებდნენ და მისსავე ხელით გამოთლილ ამ ეშმაკეულ საგანზე გააკრავდნენ. მისიანებმა ვერც ეს საჩუქარი გაიაზრეს, თუმცა კი სწორედ ამან დაუდო სათავე მთელ ჩვენს ცივილიზაციას!
კაცობრიობის მიღწევების თაობაზე შექმნილ ნებისმიერ მითსა თუ ლეგენდას ერთი პიროვნება გამოჰყავს პირველაღმომჩენად, რომელიც თავისივე მიღწევის მსხვერპლი ხდება: პრომეთე კლდეს მიაჯაჭვეს და ყვავ-ყორნები უჯიჯგნიდნენ ღვიძლს, ადამი სამოთხის ბაღიდან გამოაძევეს, რადგან ცნობიერების ხის ნაყოფს გაუსინჯა გემო… როგორიც არ უნდა იყოს გადმოცემა, კაცობრიობის მეხსიერების რომელიღაც კუნჭულში მუდამ ჩნდება იმ პირველგამკვალავის აჩრდილი, თავისსავე პირველობას რომ შეეწირა. საუკუნეთა მანძილზე მუდამ ჩნდებოდნენ ისეთნი, ვინც პირველ ნაბიჯს დგამდა გაუკვალავში, იარაღად კი მათ მხოლოდ საკუთარი სიმართლე ებადათ. ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ერთი რამ ჰქონდათ საერთო – პირველი ნაბიჯი, გაუკვალავი გზა, მართალი ხედვა და ერთნაირი ხვედრი – გარემომცველთა აღშფოთება და სიძულვილი. ყველა დიდი შემოქმედი მარტოსული გახლდათ და საერთო აზრის წინააღმდგომი. ყოველ სიახლეს მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავს, მხარდამჭერი კი ცოტა. პირველი ძრავა გიჟის ნახელავად მოინათლა, აეროპლანი – განწირულის სულისკვეთებად, ანესთეზია – ღვთის გმობად… მაგრამ ერთეულები ჯიუტად აგრძელებდნენ თავისას, იბრძოდნენ, იტანჯებოდნენ და იღუპებოდნენ. მხოლოდ მათი საქმე რჩებოდა გამარჯვებული. არც ერთ მათგანს არ ამოძრავებდა თანამოძმეთა მსახურების ჟინი თანამოძმენი მათ არ ცნობდნენ და სდევნიდნენ კიდეც. მათი სიმართლე ერთადერთი საბიჯგელი იყო: საკუთარი სიმართლე, საკუთარი საქმე, საკუთარი გზა! სიმფონიის, წიგნის, ძრავის, მოძღვრებისა თუ შენობის შექმნა თავისთავადი მიზანია – არა მათთვის, ვინც მოისმენს, წაიკითხავს, აამუშავებს, ირწმუნებს თუ შესახლდება, არამედ თავისთავად ქმნილებისთვის, ანუ – ქმნილება არის მიზანი და არა ის სარგებელი, რასაც მიიღებენ მისგან.
ამ მარტოსულთა სიმართლე მუდამ ყველასა და ყველაფერზე მაღლა იდგა; შემქმნელი არავის და არაფერს ემსახურებოდა, ის თავისთვის ქმნიდა, თუმცა არა – სათავისოდ! და სწორედ ხალხის ნების უგულებელყოფით ახერხებდა შეექმნა ისეთი რამ, რაც კაცობრიობას განადიდებდა. სწორედ ამგვარია ნებისმიერი შემოქმედისა და მისი ქმნილების ბუნებაც.
ადამიანი შეუიარაღებელი ჩნდება ამქვეყნად, მისი ერთადერთი იარაღი მისივე გონებაა. მხეცი ბუნებისგან მინიჭებული ძალით შოულობს საკვებს, ადამიანს კი არც კლანჭები გააჩნია, არც ეშვები, არც რქები, არც მხეცზე მეტი ფიზიკური ძალა. ან უნდა დათესოს რამე, ან ისევ გონებით აჯობოს და ასე მოინადიროს საკვები. მაგრამ რომ დათესოს, უნდა იფიქროს; რომ ინადიროს, ამისთვის იარაღი სჭირდება; იარაღის შესაქმნელად კი კვლავ და კვლავ გონებას უნდა მოუხმოს. უმარტივესი მოთხოვნილებებიდან დაწყებული, ღვთაებრივის გააზრების უზენაეს იდეამდე, ბორბლიდან ცათამბჯენამდე, ყოველივე ადამიანის გონის ნაყოფია. მაგრამ გონება პიროვნების თვისებაა: არც კოლექტიური გონი არსებობს და არც კოლექტიური გონიერება. ადამიანთა ერთი ჯგუფისა თუ მთელი საზოგადოების მიერ მიღწეული შეთანხმება მრავალთა ნააზრევიდან გამოყვანილ საშუალო არითმეტიკულს ემყარება. ეს პრო- ცესი მეორადია, პირველადი კი – თავად გააზრება – ერთეულთა ხვედრია. შეგვიძლია, ბოლო ლუკმაც გავუყოთ სხვას, მაგრამ ამით კოლექტივი ვერ დანაყრდება. კაცი სხვის მაგივრად ვერ ისუნთქებს, ისევე, როგორც სხვისი გონება არ გაძლევს შენ ფიქრის საშუალებას; სხეულისა და გონების მოქმედება ყოველთვის ინდივიდუალურია – მას ვერც შეცვლი და ვერც გაუყოფ ვინმეს. ჩვენ სხვათა ნაფიქრალს ვიყენებთ – სხვისი ხელიდან გვერგო ბორბალი და ეტლი გავაკეთეთ… მერე ავტომობილი, მაგრამ ჩვენი ცივილიზაციის პირველწყარო მუდამ ერთეულთა ფიქრი და განსჯაა. შემოქმედებითი საწყისის არც გასხვისება შეიძლება და არც გაჩუქება – ის ყოველთვის ერთის, გამორჩეულის ხვედრია და მისივე საკუთრება. ადამიანები ცოდნას ვუზიარებთ ერთმანეთს, მაგრამ ცოდნა მხოლოდ საბოლოო პროდუქტია, რომლის შექმნის უნარსაც ვერავის გაუზიარებ. სხვა სხვის მაგივრად ვერ იფიქრებს, ფიქრი კი გადარჩენის აუცილებელი პირობაა. თავისთავად ადამიანს არაფერი გააჩნია. კაცმა ყოველივე თავად უნდა შექმნას და აი აქ, მისი არჩევანია გადამწყვეტი: ან დამოუკიდებლად იაზროვნოს, ანდა სხვისი ნააზრევის ნარჩენებით ისაზრდოოს. შემოქმედი თავად ქმნის, სხვის კმაყოფაზე მყოფი კი ზარმაცდება და მზამზარეულს ეტანება. შემოქმედი ბუნებასთან პირისპირაა დარჩენილი, მაშინ როცა დანარჩენები მარად შუამავლის იმედად რჩებიან. შემოქმედი საკუთარი მიზნის ტყვეა და სხვა არც არავინ ეიმედება, მისი მიზანი მასშივეა; პარაზიტი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და ცხოვრებასაც სხვების თვალებით უყურებს – მისთვის “სხვები” აუცი- ლებელია. შემოქმედის მთავარი საჭიროება თავისუფლებაა, ამის გარდა მას არავინ და არაფერი სჭირდება. დამოკიდებული გონება ვერაფერს ქმნის. პარაზიტებს საზრდოდ სწორედ ნასუფრალი სჭირდებათ: ამტკიცებენ, რომ მათი ყოფიერების არსი სხვისი მსახურებაა, ხოლო უანგარობა მათივე მრწამსის თავი და თავი, ანუ ის მოძღვრება, რომელიც კაცს აიძულებს, საკუთარი “მე” სხვებს შეწიროს მსხვერპლად. ისინი ქადაგებენ ალტრუიზმს. ალტრუიზმი მოძღვრებაა, რომლის მიხედვით ადამიანმა სხვებისთვის უნდა იცხოვროს, საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს ისინი. ადამიანს არ ძალუძს, სხვისთვის იცხოვროს; საკუთარ სულს ისევე ვერ გაუცვლი სხვას, როგორც საკუთარ სხეულს. ვინც ამას ცდილობს, იმთავითვე მონად იქცევა, სულიერ მონობასთან კი ხორციელი რა მოსატანია: ფიზი- კურად დამონებულმა შესაძლოა, შინაგანი ღირსება მაინც შეინარჩუნოს, მაგრამ მოყვასის სიყვარულით გამართლებული სულიერი მონობა აღარაფერს ტოვებს შენგან… არადა, ასეთი ცხოვრებისეული ფილოსოფია ადამიანის ღირსებას და ღვთისნიერ სიყვარულსაც ხომ ერთნაირად შეურაცხყოფს! თუმცა, სწორედ ეს არის ალტრუიზმის არსი. ადამიანებს ჩაუნერგეს, რომ “მე” ბოროტების სინონიმია, ხოლო თანხმობა უდიდესი სათნოებაა, შემოქმედი ეგოისტია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ადამიანებს ასწავლიან, დინებას დაუყვნენ მკვდარი თევზებივით, მაგრამ შემოქმედი კაცი ხომ მუდამ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს; ადამიანებს უმტკიცებენ, რომ ერთად დგომაა მთავარი, მაგრამ შემოქმედის მარადიული ხვედრი – მარტოობაა. ასე რომ, ჩვენი ასარჩევია, შემოქმედის მრწამსს გავიზიარებთ, თუ ნასუფრალის მოყვარულისას. შემოქმედი სხვებისთვის არ ცხოვრობს და არც სხვებისგან მოითხოვს ამას: ადამიანის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უნარები განსაზღვრავს მის ნიჭს და ღირებულებას სა- ზოგადოებისთვის. ჯანსაღ საზოგადოებაში პიროვნებისგან საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას არავინ მოითხოვს: არქიტექტორს დამკვეთი სჭირდება, ოღონდ მისი სურვილების აყოლას ვერავინ აიძულებს, ისევე როგორც დამკვეთს ვერავინ დაძრახავს “ურჩი” ხუროთმოძღვრის შეცვლისთვის. სწორედ ამგვარ ურთიერთანხმობაზე იგება ცივილიზაცია და თამაშის წესებიც. ყველაფერ სხვას მხოლოდ ბატონისა და ყმის, ხელისუფლისა და ხელქვეითის ცნობიერებამდე დავყავართ ისევ. ქმნილება არ იქმნება კოლექტიურად, უმრავლესობის ძალისხმევით: არქიტექტორს უამრავი დამხმარე სჭირდება შენობის ასაგებად, მაგრამ საკუთარი ნახაზების თაობაზე ის მუშებს არ ეკითხება რჩევას. ასევე მშენებლებიც სხვის ნაწარმოებ ფოლადს, მინას, რკინა-ბეტონს და ათას სხვა მასალას იყენებენ, მაგრამ ყველაფერი ეს მასალადვე რჩება, ვიდრე ერთი ადამიანის ნააზრევი საბოლოო სახეს არ მიანიჭებს მათ. ეს კი უკვე ინდივიდუალური “ნაწარმია” და “ინდივიდუალური” საკუთრება. ზოგადად მშენებელთა შორის თანამშრომლობის ერთადერთი მისაღები ფორმაც სწორედ ესაა.
უპირველესი უფლება ადამიანისა არის “მე”. ადამიანის უპირველესი მოვალეობა არის ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე, იგი მოვალეა, არასდროს გადაუხვიოს საკუთარ მიზნებს სხვა ადამიანების გამო, დაემორჩილოს მხოლოდ საკუთარ სურვილებს, რომლებიც მხოლოდ მისგან გამომდინარეობს. ეს ეხება მთელ მის შემოქმედებით უნარს, გონს, შრომას. ეს არ ეხება ბოროტმოქმედს, ალტრუისტს ან დიქტატორს. ადამიანი მარტო ფიქრობს და მარტო შრომობს. მარტოხელა ადამი- ანს არ შეუძლია იქურდოს, ჩაგროს და მართოს. მონობა, ექსპლუატაცია, ბატონობა – ეს ყოველივე მსხვერპლის რაოდენობას მოითხოვს, ჩნდება დამოკიდებულება ანუ პარაზიტების სფერო. მმართველი, იმპერატორი, დიქტატორი – არც ერთი არ არის ეგოისტი. ის არაფერს ქმნის. ის მთლიანად სხვის ხარჯზე არსებობს და ისეთივე დამოკიდებულია, როგორც უქონელი სოციალური მუშაკი ანდა ყაჩაღი.
დასაბამიდან ორი ურთიერთსაპირისპირო ხედვა ეჯახებოდა ერთმანეთს – შემქმნელისა და მომხმარებლის. ბორბლის მომგონს დანარჩენებმა მადლობის მაგიერ ალბათ ბრალიც დასდეს – სხვებისგან გინდა გამორჩევაო, და ერთფეროვნება, მასის მოთხოვნილებები დაუპირისპი- რეს… “საერთო სიკეთის” ცნება კი, რასის, ერისა თუ სახელმწიფოს სახელით დეკლარირებული, მუდამ და ყოველთვის ტირანიის გასამართლებლად გამოიყენებოდა – ბრბოს ბატონობისა პიროვნებაზე: ის ათასი უბე- დურება, რაც ნებისმიერმა დიქტატორმა, იმპერატორმა თუ მმართველმა დაატეხა თავზე ხალხს, მუდამ ხალხისავე კეთილდღეობაზე ზრუნვით ინიღბებოდა. კოცონისა თუ გილიოტინის მეშვეობით სურდათ, სიკეთეს გაემარჯვა ბოროტებაზე და მსხვერპლშეწირვასაც ამით ამართლებდნენ – დიადი საბოლოო მიზნის მიღწევის სურვილით. ამგვარი კეთილი სურვილებით კი, მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთის გზაა მოფენილი. და მანამ იქნება ასე, ვიდრე ადამიანებს სჯერათ, რომ უანგარობა, თავისთავად, სიკეთის მომტანია: სწორედ ალტრუისტი აიძულებს ხალხს, ვითომდა თავისსავე სასიკეთოდ გაიღოს მსხვერპლი! მსხვერპლი კი, ამ შემთხვევაში მუდამ საკუთარი პიროვნულობის წაშლაა. ერთიც უნდა ითქვას – ამგვარი ლიდერები სათავისოდ თითქოსდა არც არაფერს ითხოვენ, “უანგარონი” რჩებიან და მხოლოდ შედეგით ტკბობა აინტერესებთ.
ახლა კი მოდით, იმ საზოგადოებას გადავხედოთ, რომელიც საწინააღმდეგო პრინციპს ეფუძნება: დამფუძნებელ მამათა ნააზრევში ვერსად შეხვდებით თავგანწირვისა თუ ალტრუიზმისკენ მოწოდებებს; მათთვის უზენაესი ღირებულება ცალკეული ადამიანისთვის ბედნიერებასთან ზიარების უფლების უზრუნველყოფაა, ანუ – სწორედ პიროვნული ბედნიერებაა საბოლოო მიზანიცა და ამოცანაც, და არა საკუთარ ხარჯზე ვიღაც სხვის გაბედნიერება. იმთავითვე, სწორედ ამ საძირკველს დაეფუძნა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობა. ბარბაროსთა კულტურა საერთო ტომობრივ კანონებზეა დამყარებული, ცივილიზაცია ადამიანის ბრბოსგან გათავისუფლების პროცესია.
კოლექტივიზმი პარაზიტის ცხოვრების წესია, მეორადი ადამიანის კანონია, უძველესი მონსტრის. ეს საუკუნეების მანძილზე წამლავდა ადამიანთა გონებას, შთანთქა თითქმის მთელი ევროპა, ახლა ჩვენს ქვეყანაშიც იკიდებს ფეხს.
მე არქიტექტორი ვარ. მე ვიცი.
ახლა თქვენ იცით, რატომ ავაფეთქე “კორტლენდი”.
იგი მე დავაპროექტე. მე მოგეცით თქვენ და მევე გავანადგურე. რადგანაც ასეთი იყო ჩემი ნება. და რადგანაც ის მონსტრად იქცა ფორმით და არსით. ჩემი ვალია, გავანადგურო ის და ყველა სხვა მსგავსი ქმნილება, რომელსაც თვითნებურად ამახინჯებენ ისინი, ვისაც ამის არც ძალა და არც უფლება არ გააჩნიათ.
მე დავაპროექტე “კორტლენდი” და საზღაურად ერთი რამ ვითხოვე არც ფული, არც სახელი და დიდება, არამედ ჩემი ქმნილების უცვლელი სახით წარმოჩენა… მხოლოდ ეს მსურდა ჩემი შრომის საფასურად. მე ეს საფასური არ მიმიღია. არადა, ამ ჩანაფიქრის განუხორციელებლობაც დანაშაული იქნებოდა. თუმცა იმ ადამიანებმა, ვისაც თავად არ შეეძლოთ სუფრის გაწყობა, იმგვარი მსხვერპლი მომთხოვეს, რისი გაღებაც ჩემს ძალას აღემატებოდა, ნასუფრალზე ნადიმი მოინდომეს და ვითომდა ხალხის საკეთილდღეოდ, ბოდა – “კორტლენდი” აღარც ფორმით და აღარც შინაარსით ჩემი ქმნილება უკვე აღარ იყო! პიტერ კიტინგს არაფერში ვადანაშაულებ – ის თავის დამქირავებლების მიერ იყო ხელფეხდაბორკილი, მის ნათქვამს არავინ ისმენდა და ის ერთადერთი პირობაც დაარღვევინეს, რაც ჩემთვის ჰქონდა მოცემული. და ვინ ქნა ეს, კონკრეტულად ვინ შეიტანა ცვლილებები, ვინ დაამახინჯა პირველადი ჩანაფიქრი? ვინ ხელყო ჩემი ინტელექტუალური საკუთრება? კონკრეტულად – არავინ! ვერსად მოიძიებთ ვერც ვინმეს ხელმოწერასა თუ მავანი მაღალჩინოსნის ბრძანებას. პასუხისმგებელი თითქოსდა არც არავინაა და სწორედ ესაა კოლექტიური ცნობიერების არსი. ყველა წესითა და კანონით, მე ჩემი საზღაური მერგებოდა: დამკვეთმა მიიღო ის, რაც სურდა – პროექტი, რომელსაც სხვამ ვერავინ მოჰკიდა ხელი… “გადახდაზე” კი უარი თქვეს. მაგრამ მე ალტრუისტი არ ვარ, ამ სახის საბოძვარს უანგაროდ და “უსასყიდლოდ” არასოდეს გავცემ. აქ ითქვა, თითქოსდა უსახლკაროებისთვის დამენგრიოს ბინა, ის კი რატომღაც ავიწყდებათ, რომ ჩემ გარეშე ისინი ისედაც უბინაოდ რჩებოდნენ! მათ ბედზე მოტირალ-მოვიშვიშენი იძულებულნი გახდნენ, ჩემთვის ეთხოვათ დახმარება, მაგრამ დახმარება ერთია და შემოქმედისთვის მისი ქმნილების წართმევა – მეორე. იმის თქმა მსურს, რომ არავის აქვს უფლება, ჩემი ცხოვრების თუნდაც ერთი წუთი წამართვას, არც ჩემი ნახელავის თუნდაც სულ მცირე ნაწილი. მე სხვისთვის არ ვცხოვრობ და არც სხვის მაგივრად. მსხვერპლშეწირვა ჩემი მრწამსი არაა და არც სხვათა მიმართ გამაჩნია რაიმე ვალდებულება, ერთის გარდა – პატივი ვცე მათ პიროვნულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მზად ვარ, ჩემი სიცოცხლის თუნდაც ათი წელი შევწირო ამ პრინციპების ერთგულებას და იმ შემოქმედთა ღირსების დაცვას, ვისაც თავად არ ძალუძს, წინ აღუდგეს საკუთარ ქმნილებათა ხელყოფას – ბრბოს მოთხოვნათა საამებლად. ყველა იმ ხელოვანისავე სახელით, ვინც ფიზიკურად თუ სულიერად შეეწირა ამ ამბოხს – ჰენრი კამერონის, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, ამ დარბაზში მჯდომი სტივენ მელორის. ასევე იმ კაცის, რომელსაც არ სურს სახელის გამჟღავნება, მაგრამ ამ დარბაზში ზის და ვიცი, რომ ხვდება, მე მათი სახელითაც ვლაპარაკობ!”
დარბაზში მსხდომთა მახსოვრობაში სამუდამოდ აღიბეჭდა წელგამართული, თავაწეული რორკის შთამბეჭდავი ფიგურა. იგი მუდამ ასე იდგა ყოველი მისი მშენებარე ქმნილების წინ. მისი სიტყვის მერე გა- მართული იურიდიული დებატებისთვისაც დიდი ყურადღება აღარავის მიუქცევია.
საბოლოოდ, მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილების მისაღებად გაისტუმრა.
ხალხმა კანტიკუნტად იწყო წამოდგომა, ზანტად, აუჩქარებლად; დარწმუნებულები იყვნენ, რამდენიმე საათი მაინც მოუწევდათ ლოდინი – თორმეტი კაცის ერთ აზრამდე მისვლა იოლი საქმე არ ჩანდა.
მანდატურები რორკს ამოუდგნენ აქეთ-იქიდან და დარბაზიდან გაყვანა დაუპირეს. რორკმა ჯერ დომინიკი მოძებნა თვალებით, მერე კი მზერა ბოლო რიგში მჯდომი უაინენდისკენ გაექცა. სწორედ ამ დროს, ნაფიც მსაჯულთა ოთახის კარზე, წესისამებრ, სამი დაკაკუნება მოისმა. ხალხი მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდა. ეს მხოლოდ იმის მომასწავებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ საბოლოო ვერდიქტი უკვე გამოიტანეს.
ყველა თავ-თავის ადგილს დაუბრუნდა. მოსამართლემაც დაიკავა კუთვნილი სავარძელი შემაღლებულზე. მსაჯულები დაწალიკებით გამოვიდნენ ოთახიდან და თეჯირთან ჩამწკრივდნენ.
– განსასჯელი წამოდგეს, – თქვა მოსამართლემ და მერე მსაჯულთა თავკაცს მიუბრუნდა, – მიხვედით ერთიან აზრამდე?
– დიახ, თქვენო ღირსებავ!
– და როგორია თქვენი გადაწყვეტილება?
– უდანაშაულოა!
რორკი ახლა მხოლოდ უაინენდს შესცქეროდა – მაგნატი მძიმედ წამოიზლაზნა და მერე უკანმოუხედავად გავიდა დარბაზიდან.
Leave a comment